ირაკლი კობახიძე: ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა, რომელიც აღდგენილია


საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.
მიღებას, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში, წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ხელისუფლების ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიულ გზასა და ღირებულებებს. მისივე თქმით, დღეს პარლამენტში მუნიციპალური სიმბოლოებია გამოფენილი, რომელთა შექმნის პროცესს კოორდინაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ათი წლის განმავლობაში უწევდა.

„ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი გემოვნებით არის შესრულებული თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლო, თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. დღეს უკვე ყველა მუნიციპალიტეტს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და გარდა ქალაქ თბილისისა, აქვს დამოუკიდებლობის პირობებში თვითმმართველი წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საკუთარი დროშა და გერბი და სახელმწიფო დროშის მსგავსად, ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა და ეს დროშაც ასევე, აღდგენილი და დადგენილია. კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ სიმბოლიკით, რომელიც არის დადგენილი ეროვნულ დონეზე, მუნიციპალიტეტების დონეზე, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მუნიციპალიტეტებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

Close
Close