ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა შედგა

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა შედგა

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა შედგა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი დაესწრო. 2018 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 738 ათას ლარს შეადგენს. მისი ხარჯვითი ნაწილი კვლავინდებურად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე იქნება ორიენტირებული. მომავალ წელს გათვალისწინებულ პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია 12 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება, უფასო სასადილოს დარბაზის კაპიტალური რემონტი, დადიანის მოედნის განათების, სანიაღვრე არხების, აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინების სახურავების შეკეთება და სხვა. რეგიონალური ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, გაგრძელდება მალთყვის სანაპირო ზოლის, სტადიონისა და ცენტრალური ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაცია. იზრდება ისეთი სოციალური პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა შშმ პირთა რეაბილიტაციის კურსი, დიალეზის პროგრამის ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯები, მიუსაფარ ბავშვთა სახლის, უსინათლოთა კომუნალური გადასახადების დაფინანსება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს უსინათლოებისათვის ადგილობრივი ხელისუფლება ხმოვანი წნევის აპარატების შეძენას გეგმავს. შეხვედრაზე, მოქალაქეებმა დასაქმების, გზების, გადახურვის, გარე განათების, ჰაერის დაბინძურების, საწარმოებში ხელფასების სიმცირესა და სხვა პრობლემებზე ისაუბრეს. მათ კითხვებს ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ უპასუხა. „ადგილობრივი ბიუჯეტი ნამდვილად მწირია აქ დასმული ყველა პრობლემის და სხვა საკითხების გადასაჭრელად. ყოველდღიურად მერიაში მოქალაქეთა 40-50 განცხადება შემოდის, რომელიც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხება. ჩვენ უნდა გამოვყოთ პრიორიტეტები. სწორედ ამ მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, როგორც სამუშაო ჯგუფების შექმნას, აგრეთვე უბნებში მუნიციპალიტეტების გაძლიერებას.“ __აღნიშნა თავის გამოსვლაში ქალაქის მერმა. გოჩა კურდღელიამ ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალ სტრუქტურაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით მერიის ადმინისტრაციას დაემატება ტურიზმის,ბუნებრივი რესურსების მართვის,დევნილთა განყოფილებები ,გარემოს დაცვის ,შრომითი უსაფრთხოებისა და სახანძრო წესების დაცვის , აგრეთვე წყალანირების და მელიორაციის დარგის სპეციალისტები. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქში შეიქმნა სერვისების ცენტრი, რაც დააჩქარებს დასუფთავების, გამწვანების, სანიაღვრე არხების და საბინაო საკითხების გადაწყვეტას. ქალაქის მერმა მომავალი წლის მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა.

კომენტარები

Close
Close