ჯანდაცვის სფეროში ახალი საპილოტე პროგრამა იწყება

ჯანდაცვის სფეროში ახალი საპილოტე პროგრამა იწყება

 სამეგრელო-ზემო სვანეთში, ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამა იწყება, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე გაკეთდება. პროგრამა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გააცნეს, შეხვედრას ფოთის ვიცე მერი მამუკა პაპასკირი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა მხეიძე დაესწრნენ. ფოთის ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა , მერის მოადგილესთან , ირაკლი თოფურიასთან ერთად სამუშაო შეხვდრა გამართა, რომელზეც პროგრამის განხორციელებაზე, ადგილზე გასატარებელ ღონისძიებებსა და 2018 წლის ქალაქის ბიუჯეტში მათ ასახვაზე იმსჯელეს. პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორების მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უნიკალურია თავისი მასშტაბით და მიზნად ისახავს ქვეყანაში 150 000 C ჰეპატიტით ინფიცირებული პირის გამოვლენას და მკურნალობას. პრევენციის ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ადრეული გამოვლენა და მკურნალობა. ქვეყანას ეძლევა რეკომენდაცია უზრუნველყოს მაღალი რისკის ჯგუფების პირთა სულ ცოტა 90%-ის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, აივ/ინფექცია შიდსსა და C ჰეპატიტზე. პილოტური პროექტის ფარგლებში აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისების ინტეგრირებული მოდელის შემუშავება, პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თემის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა დაავადებათა გამოვლენის საკითხებში, ამ მიზნით მოკლევადიანი მულტიდისციპლინური ტრენინგების პროგრამის შემუშავება და ჩატარება თითოეულ მუნიციპალიტეტში. პროგრამა აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

Close
Close