ფოთში ძუკუ ლოლუას ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში ძუკუ ლოლუას ხსოვნას პატივი მიაგეს

ქალაქ ფოთში გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ფოლკლორის ამაგდარისა და პოპულარიზატორის, საზოგადო მოღვაწის ძუკუ ლოლუას ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსთაველის რკალზე, ხელოვნების სკვერში, ძუკუ ლოლუას დაბადებიდან 140 წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა,რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელოვნების მუშაკებთან ერთად ძუკუ ლოლუას ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ქართული ხალხური მუსიკის დიდი მოამაგე-ძუკუ ლოლუა 1877 წლის 8 აპრილს დაიბადა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ხალხური სიმღერის გუნდები ქუთაისში, სოხუმში, ფოთში და ბათუმში. მანვე შექმნა სამეგრელოს რეგიონის მომღერალთა გუნდი, რომელიც „მეგრელ მომღერალთა სახალხო გუნდის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ძუკუ ლოლუამ დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა. თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების "ორეულად" მიიჩნევს ხალხურ მუსიკას.

კომენტარები

Close
Close