ფოთში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ფოთში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში "საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრები ადგილობრივ მეწარმეებს, მონადირეებს და მეთევზეებს შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონადირეებმა ბუფერული ზონის მოხსნა და პალიასტომის ტბაზე ძრავიანი ნავებით გადაადგილების უფლება მოითხოვეს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები შეკრებილებს დასახელებული პრობლემების განხილვას დაჰპირდნენ. „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში რამოდენიმე წერილი შემოვიდა ფოთში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩამოვსულიყავით და შევხვედროდით ადგილობრივ მეწარმეებს და განგვეხილა ის პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. აქ კომიტეტის უმრავლესობაა წარმოდგენილი. ეს შეხვედრა ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ორგანიზებით შედგა. აქ დასახელებული პრობლემების განხილვის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ, რათა წარმატებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ხაზგასმით აღნიშნა თევზის სუნთან დაკავშირებული საკითხი და დაიგეგმა, როგორ დაიხვეწოს გარემოსდაცვითი დასკვნების შემუშავება და რეგულაციების გატარება, რომელიც აღმოფხვრის აღნიშნულ პრობლემას.

კომენტარები

Close
Close