"ნადირობის შესახებ " ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვა ფოთში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მონადირეთა კავშირის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. კანონპროექტის განხილვა ფოთში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კანონპროექტი 2016 წელს სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული და ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შერულებას. „ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბებას და აწესრიგებს გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიები. ამ კუთხით, სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც. ამირგულაშვილის განმარტებით შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიციელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა. გარეული ცხოველების თავდასხმის ფაქტებზე, ასევე მოსახლეობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი რეაგირების თაობაზე მოეწყობა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,,ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვას ყველა რეგიონში გეგმავს. როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ყველა დაინტერესებული მხარის აზრს მოუსმენენ და მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

კომენტარები

Close
Close