ქალაქის მერი ნიკო ნიკოლაძის კოშკზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ქალაქის მერი ნიკო ნიკოლაძის კოშკზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ქალაქის ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ისტორიულ კოშკზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ნიკო ნიკოლაძის კოშკის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბანა“ ახორციელებს. კულტურის სამინისტროს შუამდგომლობით, პროექტის განხორციელების ვალდებულება ,,ქართუ ჯგუფმა“ აიღო და მისი ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს. 2014 წლის 13 ნოემბერს ნიკოლაძის 170-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, კოშკის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ნიკო ნიკოლაძის კოშკი – წარმოადგენს ქალაქ ფოთისათვის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ძეგლს, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. გადმოცემის თანახმად, 1578 წელს ფოთს თურქები დაეპატრონენ და ციხესიმაგრე ააშენეს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. თურქეთისაგან განთავისუფლების შემდეგ 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს,როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა. 1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სართულზე განთავსებულია მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელსაა დამზადებული და ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა. ამ კოშკში ნიკო ნიკოლაძე [1894-1912წწ] მოღვაწეობდა, ცხოვრობდა და მასპინძლობდა ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. ნიკო ნიკოლაძის კოშკზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

Close
Close